"წლების განმავლობაში გატარებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს ხელისუფლება კორონავირუსს აბრალებს" - ასე აფასებს ოპოზიცია ეკონომიკის მინისტრის უმძიმეს პროგნოზს, რომელიც მან ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით გააკეთა.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ უკონტროლო ბიუროკრატიულმა ხარჯებმა და არასწორმა პოლიტიკამ მოსახლეობა მშიერი დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ქვეყანაში ანაკლიის პროექტი უკვე დასრულებული რომ ყოფილიყო, ქვეყნის ეკონომიკა შექმნილ ვითარებას უფრო მარტივად გაუმკლავდებოდა.
"მთელი შეცდომები, რაც კი დაუშვეს ამ 8 წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართულებით, ახლა უნდა გადააბრალონ ეპიდემიას და ამით იმართლონ თავი. მაშინ როდესაც ევროპის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა კვლევა - "პანდემიის პირობებში რომელი ქვეყანა იყო ყველაზე მოუმზადებელი" და 63 ადგილიდან საქართველო ბოლო ადგილზე იყო, რომ არ ეფლანგათ ბიუჯეტიდან ფული, რომ ყოფილიყო ანაკლიის პორტი, სწორედ მათი დანაშაულის და შეცდომების შედეგია, რომ საქართველო ამ კრიზისს ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა", - განაცხადა გოცირიძემ.
"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ თავის არაკომპეტენტურობას გაუსვა კიდევ ერთხელ ხაზი. მისივე თქმით, მთავრობის ყველა რეაქცია დაგვიანებულია.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა მიხვდა ეკონომიკის მინისტრი რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა. ნათელი იყო თავიდანვე რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდებოდა. მაშინ შევთავაზეთ ხელისუფლებას დახმარება. დღეს საუბარი იმაზე, რომ აპრილის შედეგი მძიმეა, როცა ეს დიდი ხნის წინ ნათელი იყო, და ახლა მიხვდა თურმე მინისტრი, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა, ეს მიუთითებს მათ არაკომპეტენტურობაზე და იმაზე, რომ მთავრობის რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია", - აღნიშნა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეკონომიკური კუთხით, ქვეყანაში მაისი და ივნისი ძალიან მძიმე იქნება.